ოლიკო ცისკარიშვილი
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ორი თვის განმავლობაში, ყოველ დღე აღმართზე სიარულით გულამომჯდარები, ზუსტად იმ შენობასთან ვჩერდებოდით და ჩვენდაუნებურად ვათვალიერებდით ფანჯრებს მიღმა რა ხდებოდა. იქიდან კი უამრავი წიგნი და კარტოთეკა… ხო, სწორედ, ის კარტოთეკები, რომლითაც ძალიან დიდი ხნის წინ, საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნებს ვეძებდით-ხოლმე… სისტემურად დალაგებული ანბანის მიხედვით, ანდა კატეგორიის მიხედვით…
მოგვიანებით, როცა გადავწვიტეთ, რომ მოგვენახულებინა ის ორი ჭაღარათმიანი მანდილოსანი, რომელიც ფანჯრებს მიღმა წიგნებთან ფუსფუსებდნენ, სწორედ, ის ძველი, მონატრებული, სუნი შემეფეთა, ძველი წიგნების, ფურცლების… წლების წინ, არა მივიწყებული, მაგრამ მონატრებული საჯარო ბიბლიოთეკის სუნი, სადაც წლების განმავლობაში, ჩავკირკიტებდი-ხოლმე უძველეს წიგნებს.
ბიბლიოთეკა, რომელიც გოგებაშვილის სახელობისა გზის პირასაა, უზარმაზარი მხატვრული ლიტერატურის განყოფილება აქვს.
“ხშირად გვსტუმრობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები,” – გვეუბნება ნუნუ დეიდა, რომელიც 27 წელია ბიბლიოთეკაში მუშაობს და გვირჩევს ეზოში შევიდეთ და საცავი ვნახოთ, რომელშიც მილიონზე მეტი უნიკალური წიგნია.
ბიბლიოთეკა 1927 წელს აუშენებია საფრანგეთში განსწავლულ სომეხი ეროვნების თავადს, ბეგთაბეგოვს. სამკითხველოში უნიკალური ღუმელი დგას, რომელიც ასევე ფრანგული მწვანე კაფელითაა მორთული. ღუმელიც საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ.
შენობა ააშენა ბეგთაბეგოვმა, ის იყო სომეხი თავადი, რომელმაც საფრანგეთში დაამთავრა საინჟინრო, როცა ეს შენობა ააშენეს, ეს ადგილი გარეუბნად ითვლებოდა, ღუმელი საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. ფრანგული, უცნაური მწვანე ფერის კაფელით გაწყობილი ღუმელი, ადრე მოქმედი იყო.
ბიბლიოთეკა, რომელიც ადრე რესპუბლიკური მნიშვნელობის იყო, ამჟამად ილიას უნივერსიტეტის ბალანსზეა, თუმცა ბიბლიოთეკას, კარგა ხანია, ახალი წიგნები აღარ დამატებია.
თითქმის საუკუნოვანი ბიბლიოთეკა, ქსენია იოსელიანს დაუარსებია. ადრე ეს ადგილი გარეუბნად ითვლებოდა და არც ხალხმრავლობა იყო. მერე კი, თანდათან ცნობილი გახდა. გასაბჭოების შემდეგ, შენობისთვის, მეორე სართულიც დაუდგამთ…
“ძალიან მდიდარი ფონდი გვაქვს. არადა, ერთი წიგნიდან დაიწყო, თავად მეორე სართულზე ცხოვრობდა…” – გვიყვება ნუნუ დეიდა და გვეუბნება, რომ ვიდრე ბიბლიოთეკა ილიას უნივერსიტეტს შეუერთდებოდა, ქსენიას შვილი, ყოფილა ბიბლიოთეკის დირექტორი.
” ქვევით, სარდაფები. საცავად გადაკეთდა, მეორე სართული გასაბჭოების შემდეგ დააშენეს,” – გვიყვება ბიბლიოთეკის მოხუცი თანამშრომელი და საცავიდან გამოსვლას გვთხოვს, ძველი წიგნების მესაიდუმლე, – სარდაფში უფრო მეტი წიგნია, ამაყად გვეუბნება და ეზოსკენ მიგვიძღვის, – ეს ისტორიული ეზოა, აქ დაიბადა მერაბ კოსტავა, – გვეუბნება და მერაბის სახლ-მუზეუმისკენ მივდივართ, საიდანაც შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის გაკეთების გარეშე არ გამოვდივართ… იმ დღეს, საქართველოს ისტორიის თითქმის საუკუნე გავიარეთ…
↧
მივიწყებული ბიბლიოთეკა
↧