Quantcast
Channel: წარსული ახლიდან –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 99

ბიბლიის ბეჭდვდა XVII საუკუნის საქართველოში

$
0
0

სავარაუდოდ, V საუკუნის მიწურულს შექმნილი ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი „წამებაი წმიდისა შუშანიკისა დედოფლისა“ მოწმობს, თუ რამდენად კარგად იყო გაცნობილი ხალხი წმინდა წერილებს. შუშანიკის ტრაგიკული ისტორიის აღწერისას, ავტორს, იაკობ ხუცესს, მოჰყავს ციტატები და ნაწყვეტები ფსალმუნებიდან, სახარებებიდან და ბიბლიის სხვა წიგნებიდან. შუშანიკის ქმარმა, ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა, სპარსეთის შაჰის გულის მოსაგებად ქრისტიანობა უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. ვარსქენი ცოლსაც აიძულებდა, უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. მაგრამ შუშანიკი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და სიკვდილამდე ნუგეშს წმინდა წერილების კითხვით პოულობდა.
როგორც ჩანს, V საუკუნიდან მოყოლებული არ წყდებოდა ქართულ ენაზე ბიბლიის თარგმნა და გადაწერა. ქართულ ენაზე ბიბლიის ხელნაწერების დიდი რაოდენობით არსებობა აშკარად ამტკიცებს იმას, რომ მთარგმნელები და გადამწერები გულმოდგინე და მძიმე შრომას ეწეოდნენ. შევეხოთ ამ შთამბეჭდავი ისტორიის ორ მხარეს — ბიბლიის თარგმნას და ბეჭდვას

XVII საუკუნის ბოლოს სამეფო კარი ბიბლიის დაბეჭდვით დაინტერესდა. ამ მიზნით ვახტანგ VI-მ თბილისში სტამბა დააარსა. თუმცა ბიბლიის ტექსტი მზად არ იყო დასაბეჭდად. ხელნაწერთა მხოლოდ მცირე რაოდენობა მოიპოვებოდა, ისიც არასრული სახით. ენაც მოძველებული და ხალხისთვის ძნელად გასაგები იყო. ბიბლიის გადამუშავება და აღდგენა მიანდეს ენათმეცნიერ სულხან-საბა ორბელიანს.
სულხან-საბა ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით შეუდგა. რამდენიმე ენის ცოდნამ, მათ შორის ბერძნულისა და ლათინურის, მას საშუალება მისცა, ერთმანეთთან შეედარებინა სხვადასხვა წყაროები და ქართულ ენაზე უკვე არსებული ხელნაწერები. მისი ასეთი ობიექტური დამოკიდებულება მიუღებელი აღმოჩნდა სამღვდელოებისთვის. ის ეკლესიის ღალატში დაადანაშაულეს და მეფეც დაარწმუნეს, რომ მისთვის ბიბლიის თარგმნა აეკრძალა. როგორც ცნობილი მკვლევარი ქრისტინე შარაშიძე და სხვა ქართული წყაროები მოგვითხრობს, ეკლესიამ კრება მოიწვია და სულხან-საბას საკუთარი ხელით დააწვევინეს წლების ნაამაგარი ბიბლია.
აღსანიშნავია, რომ „მცხეთურ ხელნაწერებს“, რომელიც საბას ბიბლიის სახელითაც არის ცნობილი, თანდართული აქვს საბას ხელითვე მიწერილი შენიშვნები. ზოგი ეჭვობს, არის თუ არა ეს ნამდვილად ის ბიბლია, რომელსაც სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა. თუმცა იმის თქმა კი დარწმუნებით შეიძლება, რომ ამ თარგმანის დანართი ნამდვილად სულხან-საბას ეკუთვნის.
სირთულეების მიუხედავად, ბიბლიის ბეჭდვა სამეფო ოჯახისთვის მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენდა. 1705—1711 წლებში დაიბეჭდა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი. საბოლოოდ, უფლისწულების, ბაქარისა და ვახუშტის, დამსახურებით 1743 წელს მთლიანი ბიბლია გამოიცა. ერთ დროს დამალულმა განძმა მზის შუქი იხილა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 99

Trending Articles