Quantcast
Channel: წარსული ახლიდან –მე, რეპორტიორი
Viewing all articles
Browse latest Browse all 99

ისტორიები 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე

$
0
0

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ.
მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვა იყო: “გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“
31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა – როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით “ჟურნალისტური შეთქმულებაც” უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო.
რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც ამ დღეს მიმდინარეობდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოს არჩევნები.

“საქართველოს რესპუბლიკა” 1991 წლის 2 აპრილი

“ნიქსონმა დიდი შეფასება მისცა არჩევნების და რეფერენდუმის ორგანიზაციასა და დემოკრატიულობას. მან განაცხადა – უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.”
” 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა “ვრემია”.
“ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას”

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 072. 403

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 236, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 79%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 57%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის “დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99, 08%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, “არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 51%-ს.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში – 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97, 67%-მა. უარყოფითად – 1, 42%-მა.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.

“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

ფოტო- ზვიად გამსახურდია რეფერენდუმზე


Viewing all articles
Browse latest Browse all 99

Trending Articles