დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს;
ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ;
ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.
სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.
საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.
1925
1925 დეკ. ყრილობაზე მარიამ ორახელაშვილმა განაცხადა: სხვა ენები მოვსპოთ და რუსულის სწავლა გავაძლიეროთ, რათა ჩვენებს შეეძლოთ რუსეთში სამსახურიო. მეფის მოხელეებს ამაზე მეტი არაფერი უთქვამთ.
პირდაუბანელი, დაუვარცხნელი, დაკონკილი, აგრეხილი, კუზიანი ტფილისი(ქუჩები), აწეწილი.
1926
ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.
მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.
1927
დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.
“იყო და არა იყო რა, ლენინზე უკეთესი ვიღა იქნებოდა!’’ _ ასე იწყება დღეს ზღაპარი.
1929/30
25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.’’
ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.