2014 წელს კონსერვაცია ჩაუტარდება გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებულ ნაწილებს, აღდგება სასახლის დანგრეული გალავანი, დაჟანგებული კარი შეიცვლება და მოეწყობა გეგუთის სასახლი განათება.
სადგურ რიონის მახლობლადაა, ქუთაისიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. დგას გაშლილ ველზე, რიონის მარცხენა ნაპირას. ე.წ. “ციხე-დარბაზი” მეფის სანადირო ადგილებთან ახლოს იდგა. 1953-55 წლებში ძეგლის გასაწმენდად და გასამაგრებლად ჩატარებულმა მუშაობამ გამოარკვია, რომ სასახლე სამი ძირითადი ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება: ჯერ აქ ერთადერთი ბუხრიანი ოთახი ყოფილა – მცირე სამეფო „სანადირო სახლი”. XII ს-ში, გიორგი მესამის დროს, აგურისაგან ააშენეს დიდი დარბაზი, რომელიც მაღალ, თლილი ქვით ნაშენ, თითქმის სამმეტრიან ცოკოლზე დგას. XIII ან XIV სს მიეკუთვნება ორსართულიანი მინაშენი დასავლეთის მხრივ და სასახლის ეკლესია. გეგუთის სასახლე დიდად დაზარალდა XIX ს-ში, როცა მის ქვებს საშენ მასალად ეზიდებოდნენ. 1953 – სა და მომდევნო წლებში ჩატარდა მისი რესტავრაცია (არქ. ვ.ცინცაძე).
სასახლეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გეგუთისა, ქუთაისის მახლობლად. მისი ზოგი ნაწილი XII საუკუნისაა, ზოგი უფრო ადრინთელიც – მაშინ აქ მეფის სანადირო სახლი იყო, რომელიც ერთადერთი ბუხრიანი ოთახისგან შედგება. აგურის დიდი დარბაზი მოთავსებული იყო თლილი ქვის სამმეტრიან ცოკოლზე. დარბაზის შუა ნაწილს გუმბათი ხურავდა, ოთხ მხარეს კი, ჯვრის მკლავებივით მიემართებოდა კამარებით გადახურული ღრმა უბეები. ამგვარად, იქმნებოდა დიდი ჯვრისებრი სივრცე, რომელიც – თუ წარმოვიდგენთ აღარ არსებულ გუმბათს, ინტერიერის მდიდრულ მორთულობას – გრანდიოზული და საზეიმო უნდა ყოფილიყო. მაგრამ თუ სანადირო ან “სააგარაკო” სახლი ასეთი იყო, უმთავრესი სამეფო სასახლეები (ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში), რომლებშიაც, მრავალ სხვა სადგომთან ერთად, უნდა ყოფილიყო საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზები, კიდევ უფრო მონუმენტური და შთამბეჭდავი იქნებოდა. საუბედუროდ, დრომ და მტრებმა არ დაზოგეს ეს სასახლგეები. წერილობითი ცნობები მოწმობს, რომ თბილისის სამეფო რეზიდენცია XII ს-ში მეტეხის ტაძრის გვერდით მდებარეობდა, მტკვრის კლდოვან ნაპირზე, და რომ მისი დარბაზები მოხატული იყო ქვეყნის სამხედრო ისტორიის სცენებით.
ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974წ.