ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი.
სამეგრელოში ბაიას ყვავილს იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს აგორებდნენ, რომელსაც სააღდგომოდ შეღებავდნენ. ბზობისთვის ოჯახში ამზადებდნენ ფხალეულსა და თევზს.
კახეთში თვლიდნენ, რომ თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, პურის უხვი მოსავალი ექნებოდათ. ბზობა დღეს კახეთში აკეთებდნენ ზურგიელს და სწამდათ, რომ არ შეჭამდნენ, მათი მიცვალებულები საიქიოში მათ წყალთან არ მიუშვებდნენ.
კახეთში ცდილობდნენ, რო ბზობა დღეს ყვავი არ დაენახათ , რადგანაც ყვავს წიწილა აღარ შეეჭამა. ასევე, ბზობა დღეს იწყებდნენ თესვას, რომ ბარაქიანი მოსავალი ქონოდათ.
რაჭა-ლეჩხუმში ბზობის დღეს ეკლესიიდან მოტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს. ხოლო, თუ ბზა ცეცხლის ალში ორჯერ ან სამჯერ დატრიალდებოდა, კარგი წელიწადის მომასწავებელი იყო.
სვანეთში ბზობის საღამოს გოგონები ცარიელ სახლში იკრიბებოდნენ და მღეროდნენ კირიე ელეისონს. ისინი სათითაოდ მოიხსენიებდნენ თავის მიცვალებულებსა და ცოცხლებს. ბზობის საღამოდან მთელი ვნების კვირის განმავლობაში ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობა ღამეს ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა და ყველა ფანჯარასთან დებდა, რათა სახლში ბოროტი სული არ შესულიყო.