აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ტრადიციულად ლელო ბურთი იმართება. ტრადიციის მიხედვით, ეს სახალხო შეჯიბრება–დღესასწაული ყოველ წელს ეწყობა, რომელშიც ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები მონაწილეობენ.
თამაშს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებიც ესწრებიან. გასული 4 წელი, ამ ღონისძიებას გარემოს დაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობდა.
“თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს” – ეს სიტყვები ალბათ ყველას გვახსოვს, რადგან ნებისმიერი ჩვენთაგანის ბავშვობის საყვარელი “წუნა და წრუწუნადანაა”. მაშინ ალბათ ბევრმა არც ვიცოდით, რომ ჩვენში დღეს ლელობურთს ისევ თამაშობენ და თან ისე რომ…
მე-19 საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოებში. თუმცა ის რაც გურიაში ხდებოდა და დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავი იყო, არის, და ალბათ იქნება კიდეც…
გურიაში, სოფელ შუხუთში თენდება აღდგომის დილა. ღამენათევი სამწყსო ტაძრიდან გამოდის. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს. მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის დიდობის ოცნება. შუათანა თაობას კი სისხლი ნელნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ თამაშობს და ვინ არა. მთავარია ლელო გავარდეს.
სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთად აზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და ხანდახან კბენაც მოდის ლელოში.
ხასანბეგ თავდგირიძეს, აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, მაგის სახელზეა დაწერილი ხასანბეგურა და მაგის სახელზეა ლელოს თამაშიც შუხუთში. ისტორიას ასე შემოუნახია ეს ბრძოლა. ,,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო”.
ხასანბეგის 9 ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია, იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ხასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოყავს.
ლელო ომია, იგივე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი.
ლელობურთი შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს, საღამოს 5 საათზე იწყება და როდის დამთავრდება, ამის თქმა წარმოუდგენლად ძნელია. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 16 კილოგრამიანი, საქონლის ტყავისაგან შეკერილი ბურთით ეპაქრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს.
თამაშს ტრადიციისამებრ შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს (ამჟამად მამა საბა) რომელიც ბურთს აგდებს და თუ დროულად არ მოასწრო მოთამაშეებს გარიდება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხალხის მასამ დიდ ჭყლეტვაში ჩაიყოლოს.
შუხუთურ ლელობურთს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული (მეტადრე გაწერილი) წესები. თამაშში ქალებიც მონაწილეობენ, ახალგაზრდებიც, ბავშვებიცა და მოხუცებიც. არც ის იფიქროთ, რომ რაიმე განსაკუთრებული საპრიზო ფონდი იყოს დაწესებული. (ხშირ შემთხვევაში ლეგენდარული “ცხვარი და ოციანიც” კი არა) მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და ახლადგარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიუჩენენ სამუდამო ადგილს.
შუხუთის სასაფლაო ხომ ერთგვარი “სპორტული დიდების მუზეუმია”, სადაც ლამის უხსოვარი დროიდან მოყოლებული, უამრავი ლელოს ბურთი აწყვია ძველსა თუ ახალ საფლავებზე და ლანჩხუთელები სწორედ ამგვარად გამოხატავენ წარსულის პატივისცემას. მხოლოდ საფლავებზე დადებული ბურთების დათვლით შეგვიძლია გავიგოთ, ზემოურები უფრო კარგად ჩაუქობენ თუ ქვემოურები.
სხვათა შორის, ლელოს ბურთი გურიიდან ერთადერთხელ გავიდა. ეს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოხდა, როდესაც გამარჯვებულმა გუნდმა ბურთი მშობლიური სოფლის ნაცვლად თბილისში, რუსთაველის გამზირზე წაიღო და პატივი მიაგეს რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ დახოცილ ქართველებს.
ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა თუ ძველ ტრადიციებს გადაყოლილ სხვა ქვყნებში, ზოგან გავეშებული ხარების ჯოგებს დასდევენ და ზოგან პომიდორსა თუ ვაშლატამას უშენენ ერთმანეთს და ამ სანახაობებზე დასასწრებად უამრავ ტურისტსაც მასპინძლობენ. ძალიან მეეჭვება, რომ პომიდვრების სროლა შუხუთურ ლელობურთზე საინტერესო სანახაობა იყოს. © ლევან სეფისკვერაძე
რა არის ახალი წარსულში?
◘ დიდი შაბათის მივიწყებული ტრადიციები თუშეთში და გუდამაყარში
◘ აღდგომის ტრადიცია – ჯოჯოობა
◘ აღდგომის მივიწყებული ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში
◘ აღდგომის მივიწყებული ტრადიციები დასავლეთ საქართველოში
◘ წითელი პარასკევის მივიწყებული ტრადიციები ქართლში
◘ დიდი ხუთშაბათის მივიწყებული ტრადიციები ფშავსა და კახეთში